ახალი ამბები

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო – ნახეთ პასუხები ყველა კითხვაზე რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მშობელს დოკუმენტები სკოლაში შეაქვს – რეგისტრაცია შესაძლებელია კვლავ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის.

         

როდის იყო რეგისტრაციის პირველი ეტაპი და ვის შეეძლო?

10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით საჯარო სკოლების პირველ კლასებში არეგისტრირებდნენ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს აქვს (ერთ-ერთი ან რამდენიმე):

ფიზიკური შეზღუდვა;
ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
სწავლის უნარის დარღვევა;
სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
მეტყველების განვითარების დარღვევა;
ქცევითი და ემოციური დარღვევა;
გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
აუტიზმის სპექტრი.
რეგისტრაცია რა ასაკის ბავშვისთვის არის შესაძლებელი?

სკოლაში შესვლას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, რომლებიც 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დაბადებული – ანუ წლის ბოლომდე ხდებიან ექვსის.

ახლა რა ეტაპია – ვის შეუძლია რეგისტრაცია?

2 მაისს დაიწყო რეგისტრაცია მეორე ეტაპი. 20 მაისის ჩათვლით ყველა იმ ბავშვს დაარეგისტრირებენ, რომლის და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია მასწავლებელი, ანდა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი რეგისტრირდება.

მშობელმა ან მეურვემ საჭირო დოკუმენტები სკოლაში უნდა შეიტანოს.