(ვიდეო) ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა და სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
მელიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
„შუშის თვალებით მიყურებთ. კითხვაც კი არ გიჩნდებათ, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა. მეტიც, თქვენ ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადით, ეს ყველამ ვიცით. თქვენ ხართ მურუსიძისა და ჩინჩალაძის მონა. მომდევნო სამი წელი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას, ეს კაცი ხართ, უნამუსო”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ, რის შემდეგაც მოსამართლეს წყალი შესხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზედაც გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო 29 აპრილს შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა გუშინ ამოეწურა.
პროკურატურამ მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ამასთან, ნიკა მელია სამართალდამცველებმა გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.