ახალი ამბები

“ვერ აიტანა მისმა გულმა დედის გარდაცვალების დარდი და მეორე დილით თავადაც შეტევა დაემართა” – ტრაგედია თედორაძეების ოჯახში

ჩოხატაურში, სოფელ ქვემო ერკეთში მცხოვრები 80 წლის ქალბატონი ორშაბათს, ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. შვილმა, კახა თედორაძემ სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალების, პანაშვიდებისა და გასვენების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. მეორე დილით კი თავადაც გარდაიცვალა. 

         

როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, დედის გარდაცვალების გამო ინერვიულა, რამაც გულის შეტევა გამოიწვია.

„პრაიმ ტაიმს“ ოჯახის ახლო ნათესავი, ცირა თედორაძე უყვება მომხდარი ტრაგედიის შესახებ. 

„მართლაც რომ სული და გული გამიყინა ამ ამბავმა. ეს მოხდა ჩოხატაურში, სოფელ ქვემო ერკეთში. ბიცოლაჩემი ცუდად იყო, ბათუმში იწვა და რამდენიმე დღე აპარატზე იყო შეერთებული. შეგუებულები ვიყავით, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა და გარდაიცვლებოდა. ასაკიც ჰქონდა, ოთხმოც წლამდე იყო. ორშაბათს გაგვაგებინეს მისი გარდაცვალება და ძალიან ვინერვიულეთ.

ოჯახში დედა, მამა და შვილი – კახა ცხოვრობდნენ. ჩემი ბიძაშვილი დაოჯახებული არ იყო. ბუნებრივია, რომ ძირითადად დედაზე იყო დამოკიდებული. განათლებული ბიჭი იყო, გამგებლადაც მუშაობდა, მაგრამ საკუთარი ოჯახი რომ არ გყავს, მაინც, გინდა არ გინდა, დედაზე ხარ დამოკიდებული. დედა ყველაფერი იყო მისთვის და  ძალიან უყვარდა.

ვერ აიტანა მისმა გულმა დედის გარდაცვალების დარდი და მეორე დილით თავადაც შეტევა დაემართა. გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ფაქტობრივად მკვდარი წაიყვანეს და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყველა გაოგნებული ვართ, დედის გასვენებამდე შვილიც გარდაიცვალა. მე გასვენებაშიც ვერ ჩავდივარ, ემიგრანტი ვარ და საქართველოში არ ვიმყოფები. 

კახას ამბავი რომ გამაგებინეს, ელდა მეცა, ლამის ჭკუიდან გადავედი. ის ჩემი ბავშვობაა, ერთად გაზრდილები ვართ, ბაბუაჩემის ძმის შვილიშვილია, მაგრამ ერთი ღობე გვყოფს სოფელში, ჩვენგან 5 მეტრში მათი სახლია. ტკბილი მოგონებები მაკავშირებს მაგ ოჯახთან. კახა ძალიან თბილი, ბუნჩულა ბიჭი იყო, საუკეთესო ადამიანი. არ იყო აგრესიული, ძალიან მოსიყვარულე გახლდათ. ნაადრევად წავიდა და ყველას დაგვწყვიტა გული. მეტს ვერაფერს გეტყვით, განადგურებული ვარ“. – გვითხრა ქალბატონმა ცირამ.