„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“- აჭარაში ახალგაზრდა მოკლეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს
წუხელ ღამით, 3 ივნისს, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძე მოკლეს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
პირველადი ინფორმაციით, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.
ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში დღეს დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ღამღამობით იგი მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს. როგორც ინფორმირებული პირები „ბათუმელებს“ უყვებიან, ბესო ასე იმიტომ იქცეოდა, რომ კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავმისადგომი არავის დაეზიანებინა.
შს სამინისტრო მომხდარის შესახებ ამ დრომდე არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით.
განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთარი კატერის გაქირავებით დაკავებულ ბესო ბოლქვაძეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაუკავშირდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა ცნობილია და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო.
ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბესო ბოლქვაძეს უარით გაუსტუმრებია. ინფორმირებული პირების ვარაუდით, მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.
ამ ეტაპზე ცნობილი არაა, ჰყავს თუ არა ახალგაზრდა კაცის ავტომატით ჩაცხრილვას თვითმხილველი – შემთხვევის ადგილის ირგვლივ საცხოვრებელი სახლები არ არის. საგულისხმოა, რომ ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანა პატრულირებს.
„ბათუმელები“ ცდილობს მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას და დაზუსტებას. შსს-ს ოფიციალურ ვერსიას კი, მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ადგილი მდინარე ჭოროხთან, სადაც გუშინ ღამით ავტომანქანაში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს
batumelebi.netgazeti.ge