ახალი ამბები

“ბავშვს გაუღვიძია, მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა, ვერაფერი მოასწრეს” – რა ახალი დეტალები ირკვევა მოულოდნელად გარდაცვლილ 4 წლის გოგონაზე

სამტრედიაში, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ უმძიმეს ფაქტს ადგილობრივები ადასტურებენ და ვერ ამბობენ რა გახდა ამხელა ტრაგედიის მიზეზი.

გოგონა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაბაკულაშში ცხოვრობდა და როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ამბობს, ამ დილით ხელში ჩააკვდა მშობლებს.

ყველაფერი ისე უცებ დატრიალდა, რომ პატარას სასწრაფოს ბრიგადამ ვერ მოუსწრო.

“ამ დილით მოხდა ეს საშინელი ფაქტი. მიზეზი არ ვიცი. ბავშვს რამდენიმე თვის წინ რაღაც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი რა ოპერაცია გაუკეთდა. დღეს დილით ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში. არ ვიცი რა ვთქვა, საშინელება დატრიალდა, ერთადერთი შვილი ჰყავდათ, მალე 5 წლის გახდებოდა. მართლა საშინელება მოხდა. როგორი საყვარელი ბავშვი იყო ლილე, ჩემი შვილიშვილების ტოლია და რამდენჯერ ქუჩაში ვნახავდი, ვეფერებოდი. ახლოს ცხოვრობენ ჩემს სახლთან, მაგრამ ისე განვიცადე ეს ამბავი, ჯერ მათ სახლში სამძიმარზე ვერ შევედი.

ჩემი მეზობლები არიან, ჩვენთან გაზრდილია მამამისი, მისი ბაბუა ძალიან კარგი ადამიანია. მიჭირს იქ მისვლა, როგორ ვუთხრა სამძიმარი. საშინელება ტრიალებს. ჯანმრთელი ბავშვი იყო, საგანგაშო დაავადება მას არ ჰქონია და არ ვიცი ეს რატომ უნდა დატრიალებულიყო. დილით მამამისი თურმე სამსახურში მიდიოდა, ბავშვს გაუღვიძია ამ დროს და მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა ბავშვი, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა. ამბობენ გული გაუსკდაო. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. როგორ უნდა ანუგეშო ადამიანმა ეს ოჯახი, რომელიც ამ მწარე რეალობის წინაშეა დღეს. რამდენჯერ მყავს ნაფერები, როგორი საყვარელი პატარა იყო”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ დაბა კულაშში ვლადიმერ სოხანეიშვილი.

სოციალურ ქსელში უკვე წერენ მომხდარ ტრაგედიაზე.

„გლოვის ზარია სამტრედიაში, დიდი მწუხარებაა ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პატარა თანაქალაქელი, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა… სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად და აღსაწერად, კიდევ უფრო რთულია ოჯახის განცდის გაგება… თანავუგრძნობთ ოჯახს, ქალაქს ამ დიდ მწუხარებასა და ტკივილს,“ – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში, რომელიც ჯგუფ „სამტრედიელებში“ გავრცელდა.

kvirispalitra.ge