“დაბადების დღეზე იყო, იქ ვინმემ აწყენინა რამე?..” – 21 წლის გოგონა, რომელიც 14 დღის წინ “მშვიდობის ხიდის” მიმდებარედ მტკვარში ჩავარდა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ – რას ჰყვება აითაჯის ბიძა?
1-ელ აპრილს თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარში ჩავარდნილი გოგო ჯერ კიდევ არ უპოვიათ, – ამის თაობაზე ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს, მათივე ცნობით, მტკვარში დაკარგული გოგონა მარნეულელი აითაჯ მამედოვაა.
აითაჯის ოჯახი “რადიო მარნეულთან” აცხადებს, რომ სახელმწიფო გოგოს მოსაძებნად არაფერს აკეთებს, რის გამოც მათ სამძებრო სამუშაოები თავად დაიწყეს.
სტატიაში ვკითხულობთ:
“აითაჯის ბიძა, ბიძაშვილი და მისი ორი მეზობელი მდინარე მტკვირს სანაპიროზე მოძრაობენ, მდინარეში კუსტარულად მოწყობილი “ტივტივათი”, კაბელით შეკრული 3 და 5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლებით, შედიან და ასე ცდილობენ აითაჯის პოვნას.
“4 კაცი ვართ, მე, ბიძაშვილი, მეზობლები. 4 კაცი თბილისიდან წითელ ხიდამდე ვეძებთ. ერთი ნავიც კი არ დამინახავს აქ, ღმერთს ვფიცავ. ეს ბოთლებია ჩემი ნავი. სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენი ძალებით, სახსრებით 4 ადამიანი ვატარებთ გამოძიებას. ერთი კვირაა მე ერთი ნავიც არ მინახავს წყალში. ვერაფერს ვხედავ. მხარდაჭერა არ არის” ,- გვითხრა აითაჯის ბიძა რასულ ომაროვმა
დაკარგული აითაჯ მამედოვას ბიძა იხსნებს, რომ 21 წლის გოგო პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. აითაჯი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, წვეულებიდან გამოსვლის შემდეგ კი თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუჩინარდა. რასულ ომაროვის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, მაგრამ ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ.
“პოლიციელები ვიდეოს არ გვაჩვენებენ, მაგრამ ამბობენ გოგო წყალში ჩავარდაო – თვითონ გადახტა წყალშიო. ფეხსაცმელი, ჩანთა და ტელეფონი იქ დაუტოვებია. დაბადების დღეზე რა მოხდა, ვინმემ აწყენინა რამე, არაფერი ვიცით. უბრალოდ გამოძიება ნულია. სხვაგანაც შეიძლება გაქცეულიყო. მაგრამ არც ვიდეოს არ გვაჩვენებენ და არც არაფერს. მტკვრის პირას მისი ნივთების გარდა არაფერია. პოლიცია არანაირ ვიდეოს არ გვაჩვენებს. სხვა არაფერი არ ვიცით”, – ამბობს რასულ ომაროვი”.
მისივე თქმით, გამოძიებას ორთაჭალის პოლიციის განყოფილება აწარმოებს. წყარო
“მაშველებმა, ამ დრომდე ვერ მიაგნეს აითაჯს, ვერც ცოცხალს და ვერც გარდაცვლილს.
ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია სამაშველო სამსახურები მუშაობენ, თუმცა დამეთანხმებით, რომ დედაქალაქის ცენტრში, სეზონური წლის მაღალი დონის მიუხედავად, მეტი ძალისხმევა და უსაფრთხოების ზომების ქონა აუცილებელია!
სულ სამი ხიდია თბილისში, სადაც მტკვრის დაგუბების შედეგად, წლის დონე კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, წლებია ამ ხიდებიდან ადამიანები ვარდებიან მდინარეში, რა გახდა, რომ დამცავი ბადეები დააყენონ ამ კონკრეტული ხიდების ქვეშ, ან სეზონურად მაშველებმა ხიდების პერიმეტრზე იმორიგეონ 24 საათიან რეჟიმში.
დღეს მესაუბრა აითაჯის ბაბუა, იქნებ მეტად გავახმაუროთ და ვისაუბროთ ამ საკითხზეო, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოსო ჩვენი ოჯახის უბედურების შესახებო. რათა სახელმწიფომ უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს, ჩემი შვილიშვილის მოძებნაშიო!” – წერს მარნეულელი გიორგი მუმლაძე.
როგორც embebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მტკიცებით კი, ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის მონიტორინგი, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია წყლის საშუალებები და მყვინთავები და მიმდინარეობს კალაპოტის დათვალიერება.
ambebi.ge