საჩხერეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის გოგონას, მარიამ შუბითიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტრაგედია სოფელ კორბოულში მოხდა. დამნაშავე მძღოლი უკვე დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ საჭესთან მთვრალი მძღოლი იჯდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსების გაჩერებასთან შევარდა, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. სამწუხაროდ, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო იქ მყოფმა რამდენიმე ახალგაზრდამ დაზიანება მიიღო. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

“ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, 18 წლის სიცოცხლით სავსე გოგონა, მარიამ შუბითიძეა გარდაცვლილი. სოფლის ახალგაზრდები წუხელ, საღამოს შეიკრიბნენ ე.წ ბირჟაზე, ავტობუსების მოსაცდელში. საღამოს საათებში იქ იყვნენ და საუბრობდნენ, მხიარულობდნენ ერთად. სწორედ ამ დროს შევარდა თურმე მანქანა იქ და დაეჯახა შეკრებილ ახალგაზრდებს. მარი ადგილზეა გარდაცვლილი, როგორც ვიცი 4 ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მძღოლიც ადგილობრივია, სხვა უბანში ცხოვრობს. ამბობენ, რომ გალეშილი მთვარალი ყოფილა და ისე მართავდა მანქანას, ფარებიც კი არ იყო ანთებულიო. პირდაპირ შევარდა იქ, სადაც ბავშვები იყვნენ და დაღუპა ეს ოჯახი. მარიამს თურმე თავის ტრავმა ჰქონდა და ადგილზე დაიღუპა. ამბობენ, სასწრაფო დახმარება ძალიან უცებ მოვიდა, მაგრამ მარიამს ვერავინ უშველა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. მძღოლს მე არ ვიცნობ, როგორც მითხრეს 35 წლის ბიჭია, უცოლშვილო, მარტო მამა ჰყოლია სახლში. ეტყობა დალევა უყვარდა, ამბობენ რამდენიმე მანქანა სხვა დროსაც დაუმტვრევიაო. მაგრამ ამით ჭკუა ვერ ისწავლა და დაღუპა ოჯახები. მარიამი ულამაზესი გოგონა იყო, წელს დაამთავრა სკოლა და სტუდენტი გახდა, ახლა ამით იყო გახარებილი. ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. სამძიმარზე ვიყავი მისული. იქ ისეთი ამბავი ტრიალებს კინაღამ გული წამივიდა. როგორც ვიცი, იმ ტრაგედიის დროს იქ იყო მარიამის შეყვარებული ბიჭიც, ისიც დაშავდა. თქვეს თბილისის კლინიკაში წაიყვანესო. როგორც ვიცი, 3 ახალგაზრდა რჩება კლინიკაში, რამდენიმეს პირველადი დახმარება გაეწიათ და ისინი გაუშვეს. ძალიან განვიცდით ყველანი, ეს არის ჩვენი დიდი გულისტკივილი ახლა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და დაშავებულ ახალგაზრდებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, -ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

სოციალურ ქსელი სავსეა ტკვილიანი სტატუსებით. ყველა ემშვიდობება ახალგაზრდა გოგონას, რომლის გარდაცვალებას განიცდიან.

“ვაიმე ვერაფერს ვერ ვუყრი თავს რა დავწერო, რითი ვანუგეშო შენი მშობლები მარი. რატომ უნდა მომხდარიყო ასე, შენ ხომ ახლა იწყებდი ცხოვრებას, სტუდენტობას. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ჩემო ანგელოზო, – წერს ახლობელი.

მომხდარით შეძრული კიდევ ერთი მისი გულშემატკივარი ქალბატონი, სავარაუდოდ მისი პედაგოგი წერს:

“როგორ არ მინდოდა დაჯერება, როგორ ველოდებოდი იტყოდნენ ცოცხალიაო. თვალებიდან არ ამომდის მისი სახე. საათობით გატარებულო დრო ჩემს მაგიდასთან. ბოლოჯერ მოფარფატდა თურმე სულ რაღაც რამდენიმე დღის უკან ჩემთან. მომიყვა თავის ამბებს, მაცნო თავისი შედეგები, იცოდა როგორ ვგულშემატკივრობდი საკუთარი შვილივით… როგორი ბედნიერი წავიდა ჩემგან, თვალები უციმციმებდა, თურმე ბოლოჯერ, არადა როგორ დამემშვიდობა დროებითო… მშვიდად განისვენე მარიამ”.

კიდევ ერთ ადგილობრივს გავესაუბრე, რომელიც მარიამის პედაგოგი აღმოჩნდა, მან ვერ შეძლო საუბარი. “ახლა მივდივართ მისი მასწავლებლები სამძიმარზე, კიდევ ერთი ჩემი მოსწავლეა საავადმყოფოში და მერე ის საავადმყოფოში უნდა მოვინახულო. არ შემიძლია არავისთან საუბარი, ახლა ისეთ დღეში ვარ, ბოდიშს გიხდით. მისი მშობლები ძალიან ახლობლები არიან ჩემთვის, საუბარი გამიჭირდება მასზე. სხვებიც დაშავდნენ, მაგრამ მითხრეს, რომ სხვებს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნეტა ესეც გადარჩენილიყო. ჩვენი დიდი გულისტკივილია მარიამი”,- გვითხრა მან.