ახალგაზრდა ბრაზილიელი ადვოკატი რუტინული კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს მძიმე ალერგიული რეაქციით გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, 22 წლის ლეტიცია პოლს ოთხშაბათს, რიო-დუ-სულის ალტო ვალეს რეგიონულ საავადმყოფოში კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისას ანაფილაქსიური შოკი დაემართა. ფატალური რეაქცია მის ორგანიზმში შეყვანილმა ნივთიერებამ გამოიწვია, რომელსაც კონტრასტული ტომოგრაფიის ჩატარების დროს იყენებენ.
გარდაცვლილის დეიდამ განაცხადა, რომ მისი დისშვილი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა პროცედურიდან 24 საათზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა.
ანაფილაქსიური შოკი არის უეცარი და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება სასუნთქი გზების შევიწროება, ყელის შეშუპება, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა და სხვა მძიმე სიმპტომები გამოიწვიოს. სიკვდილის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება.როგორ ირკვევა, ქალს თირკმლის კენჭები ჰქონდა, სწორედ მის გამოსაკვლევად მიმართა კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ის რუტინულ შემოწმებებს გადიოდა.
პოლის გარდაცვალების შემდეგ, ალტო ვეილის რეგიონულმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მწუხარებას გამოთქვამს დანაკარგის გამო და სოლიდარობას უცხადებს ოჯახს“.
ექიმებს პაციენტის ვენაში მაშინ შეჰყავთ იოდის შემცველი კონტრასტი, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის და რენტგენის დროს, ორგანოებისა და ქსოვილების უფრო მკაფიო გამოსახულების მიღება უნდათ.
საღებავი ფართოდ გამოიყენება და ზოგადად უსაფრთხოა, სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები კი 5000-დან 10000 პაციენტიდან მხოლოდ ერთში გვხვდება. ინექციის შემდეგ ადამიანების უმეტესობა გულისრევის ან ქავილის შეგრძნებას განიცდის.