აღმოსავლეთ ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მიწისძვრა კვირას, ადგილობრივი დროით 23:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ჯალალაბადიდან, ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან, 27 კმ-ის დაშორებით იყო.

თალიბანის მთავრობის ინფორმაციით, ათობით სახლი დაინგრა და ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია.

თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სამაშველო სამუშაოებში დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან ზოგიერთ რაიონში მეწყერისა და წყალდიდობის გამო მხოლოდ საჰაერო გზით მისვლაა შესაძლებელი.