„სხვა ადგილას წასულა და ეს საშინელება იქ ჩაიდინა, მისმა დამაც არაფერი იცის“ – გაირკვა 14 წლის გოგონას ვინაობა და ტრაგედიის უმძიმესი დეტალები
ქუთაისში 14 წლის სკოლის მოსწავლის, ნინო სარალიძის თვითმკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რატომ მივიდა გოგონა ამ მძიმე გადაწყვეტილებამდე. როგორც ცნობილია, შემთხვევა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იზრდებოდა დასთან ერთად. ამბობენ, რომ გოგონა ღამის საათებში ჩუმად სახლიდან გავიდა და ტრაგედია დატრიალდა. მომხდარის მიზეზებს იმედია სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ-ერთი ვერსიით, 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. ცნობილია ისიც, რომ ძალოვნებმა საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს.
“მინდობით პირს ჰყავდა ეს ბავშვი და არ ვიცით რატომ გააკეთა ეს. ვიცი რომ დაღუპული გოგონა მერვე კლასელია, დანარჩენი დეტალი ჩემთვის უცნობია, ძალიან განვიცდი. მომხდარით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ”,- თქვა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა.
ჩვენ ბუნებრივია, პირველივე დღეს დავუკავშირდით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსს ნათია წივწივაძეს, ის დაგვპირდა, რომ უწყებაში მომხდარზე კომენტარს გააკეთებენ, თუმცა ამ დრომდე მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამიტომ ამ საქმის ირგვლივ დაგროვილი უამრავი კითხვა პასუხგაუცემელია. უცნობია. რამდენი ხანი იყო გოგონა მინდობით აღზრდაში, თავის დროზე რატომ მიიღო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოჯახიდან ბავშვის გაყვანის გადაწყვეტილება, რას ამბობენ გოგონას ბიოლოგიური მშობლები მომხდარზე. ისიც უცნობია, რა პირობებში იყო მინდობით აღზრდაში მყოფი გოგონა, ხომ არ ჰქონდა მას ამ ოჯახთან მიუღებლობა, ან ხომ არ გაუჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. ჩვენთვის უცნობია ისიც, ჰქონდა თუ არა ბავშვთან კომუნიკაცია სოციალურ მუშაკს. როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ჩვენ შევეცადეთ ამ კითხვების ნაწილზე მაინც მიგვეღო პასუხი სააგენტოდან, მაგრამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ. მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ გამოძიების პროცესში ჩართულები არიან.
“გამოძიება დაწყებულია, ჩვენ ჩართულები ვართ, სხვა კომენტარი ამ ეტაპზე ვერ გაკეთდება, გვექნება თუ არა დაზუსტებული ინფორმაცია, გავაკეთებთ კომენტარს. ჯერ ვერც იმას გეტყვით რამდენი ხანი იყო მინდობით აღზრდაში. ამ ეტაპზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც გავრცელებულია. დაწყებულია გამოძიება და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩართულია”, – გვითხრეს პრესსამსახურში. მათი ამ კომენტარიდან ერთი დღე გავიდა, მაგრამ დღესაც დუმს უწყება და არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა მინდობით აღზრდაში თავის დასთან ერთად იყო. თურმე ამ ტრაგედიის შემდეგ ის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია და იმედია, მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს და ამ მძიმე ტკივილს შეუმსუბუქებს.
– “ვიცნობდი ნინოს, მაგრამ მომხდარზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან განვიცდი ამ ფაქტს. ძალიან საყვარელი და კარგი გოგონა იყო. 14 წლის, სამწუხაროდ ამხელა ტრაგედია დატრიალდა და არ ვიცი მიზეზი. ყველანი განვიცდით. ულამაზესი ბავშვი იყო. სიტყვები არ მაქვს, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რა უჭირდა ბავშვს. ცოტა გულჩათხრობილი, თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი კი იყო, ამიტომ მასთან დიდად არ მქონია ურთიერთობა. რამდენჯერმე მყავს ნანახი, დიალოგში არ შემოდიოდა. როგორც მისი ტოლი თინეიჯერებისგან განსხვავებული არ იყო. ჰყავს და, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა მინდობით აღზრდაში. ვიცი რომ ძალიან კარგ ოჯახში იყვნენ, იქ კარგად ექცეოდნენ და არ ვფიქრობ რომ იქ პრობლემა ჰქონოდა. ვიცნობ მაგ ოჯახს და საკმაოდ კარგი ხალხია, საშინელ დღეში არიან და განიცდიან, მათაც არ აქვთ პასუხი რატომ ჩაიდინა ბავშვმა ეს. მხოლოდ ის ვიცი, რომ “, სხვა ადგილას წასულა და ეს საშინელება იქ ჩაიდინა. მისმა დამაც არაფერი იცის, გაგიჟებულია ის ბავშვი, იმედი მაქვს გამოძიებით ყველაფერი გაირკვევა, ყველაზე მძიმე ფაქტი ისაა, რომ ბავშვი აღარ არის ცოცხალი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
-” ნინო, ჩემო პატარა პრინცესავ, ვიცი რომ მიწა ცივია და გზაც რთულია, მაგრამ ვიცი რომ შენ იქიდანაც ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები და არ მიმატოვებ, მიყვარხარ უსაზღვროდ ნიი”,_ წერს გოგონას და სოციალურ ქსელში და თანაუგრძნობენ. ჩვენ ასევე დავუკავშირდით სკოლას, სადაც გოგონა სწავლობდა, ნინო ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორი ძალიან მწირი კომენტარით შემოიფარგლა და ტელეფონი გაგვითიშა.
– ახალი ხელმძღვანელი ვარ და კომპეტენტურ პასუხს ოჯახი გაგცემთ. ბავშვი სკოლაში ჩვეულებრივ დადიოდა და ამიტომ ოჯახი უფრო მოგაწვდით ინფორმაციას. არასამუშაო დროს მოხდა ეს ტრაგედია, სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს.
– მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვი ალბათ უფრო მეტად გყავთ მეთვალყურეობის ქვეშ სკოლას და აკვირდებოდით ხომ არ ჰქონდა მას პრობლემები?
– სკოლაში ჩვეულებრივად დადიოდა, გაქვთ ინფორმაცია, რომ ბავშვი იღებდა მედიკამენტებს. შეიძლება არ ჰქონდა მედიკამენტები მიღებული და ამ დროს მოხდა. სკოლაში ჩვეულებრივად კონტაქტური იყო, რაიმე ისეთს არ ჰქონია ადგილი, ჰყავს დამრიგებელი ჩვეულებრივ. სკოლა ნაკლებად დაგეხმარებით იმ ნაწილში, რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე, ისედაც არ გვაქვს უფლება ჩვენ პერსონალური ინფორმაციის გავრცელების, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, ამიტომ აღვნიშნე, რომ ბავშვი იღებდა მედიკამენტებს. ფაქტი დაგიდასტურეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით. ჩვენც არ გვაქვს უფლება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბროთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები ჰქონდა და ეს საზოგადოებამ იცის შესაძლოა მიღებული არ ჰქონდა წამალი, დიდი გოგონა იყო უკვე და ძალით არავინ მიაღებინებდა წამალს. შესაძლოა რამე გამორჩა. ან ჰქონდა ამ დროს სტრესული მომენტი, სამწუხაროდ სხვა დეტალები არ ვიცი.
– ბავშვს დედა აკითხავდა სკოლაში? ის ხომ არ განიცდიდა იმას, რომ იყო მინდობით აღზრდაში?
– მოდით დაგემშვიდობებით. გვითხრა სკოლის დირექტორმა და ტელეფონი გაგვითიშა.
ფაქტია, ყველა უწყება დუმს და ამ უმძიმესი ტრაგედიის დეტალებზე საუბარი არავის უნდა. სად იქნა დაშვებული შეცდომა, რატომ მივიდა 14 წლის გოგონა ამ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე, იმედია ამას პასუხს გამოძიება მაინც გასცემს. ერთი ცალსახაა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეტი პასუხისმგებლობა მართებს ასეთ დროს და მაქსიმალურად უნდა კონტროლდებოდეს მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა.
kvirispalitra.ge