“სარფიდან ბათუმისკენ მიდიოდნენ და როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანას შეეჯახა” – გონიოში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
გონიოში დატრიალებული ტრაგედიიის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. როგორც ირკვევა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმავალმა BMW-ს ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე სახლთან გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. სამწუხაროდ შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ BMW-ს მარკის მანქანაში მყოფი სამი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი ბიჭი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ჩვენი ინფორმაციით, მათგან ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მეორე ახალგაზრდას ოპერაცია დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი დაადგენენ ავტოავარიის მიზეზებს, გარდაცვლილი გოგონების ცხედრები ექსპერტიზაზე გადასვენეს.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. უმძიმესია მომხდარი ტრაგედიის შედეგი. სამი ულამაზესი გოგონა ადგილზე დაიღუპა.
“ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას. შოკირებული ვარ, ეს არ უნდა მომხდარიყო. დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილები არიან ანა მახარაძე, მეგი ჯაიანი და სალომე გორგაძე. გოგონები მეგობრები იყვნენ. მე ანა მახარაძეს ვიცნობდი, ძალიან კარგი გოგონა იყო და გული მეწვის ამ ტრაგედიის გამო. ანა დაოჯახებული არ იყო. ანას ისეთი ლამაზი, ცისფერი თვალები ჰქონდა. ძალიან საყვარელი ცქრიალა გოგო იყო. სარფში მუშაობდა. ამ დილით სარფში ვნახე, მივესალმე, ამას ვინ წარმოიდგენდა. ბათუმში ცხოვრობდა. მას ჰყავდა BMW-ს მარკის ავტომობილი. სარფიდან ბათუმისკენ მიდიოდნენ და როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანას შეეჯახა. სასწრაფო რომ მოსულა, გოგონებს ვეღარ უშველეს, სამივე გარდაცვლილი იყო. ბიჭები გადაუყვანიათ კლინიკაში. მითხრეს ერთს არ ჰქონია მძიმე დაზიანება და გაუწერიათ სახლში, მეორეს ოპერაცია დასჭირდა. სიტყვები არ მაქვს, ისე განვიცდი და ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს”, -ამბობს ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
kvirispalitra.ge