„გურია თუდეი“ წერდა წყალწმინდელი თუთაშვილების ორი ლამაზი სულისა და გარეგნობის ბიჭის, 14 წლის თაზოსა და 17 წლის ზაურიკას ტრაგიკულ ბედზე.
თაზო რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, როცა მატარებლის ვაგონის სახურავზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და მაღალი ძაბვის სადენმა იმსხვერპლა. კეთილმა და მხიარულმა ბიჭმა, რომელსაც ცხოვრება წინ ჰქონდა, დიდი ტკივილი დატოვა. ცრემლების ზღვა გაჰყვა მას უკანასკნელ გზაზე…
ასევე იყო 2017 წელს, როცა ზაურიკა სტუდენტობაზე ფიქრობდა და ავარიაში დაიღუპა. მისი და თაზოს მამები ბიძაშვილები არიან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება მათ და მათი ოჯახის წევრების გულებში.
თუმცა ეს არ ყოფილა ამ კეთილი და პატიოსანი ოჯახების პირველი სულისშემძვრელი ტრაგედია. 2005 წელს, მოულოდნელად დაიღუპა მათი ბიძაშვილი, 18 წლის ულამაზესი გოგონა – თეა თუთაშვილი, რომელიც ბიჭებს მამიდად ეკუთვნოდა.
„თეა 2005 წელს გარდაიცვალა, უცაბედი სიკვდილით, 18 წლის ასაკში. ტელევიზორს უყურებდა თავის ძმასთან ერთად და უცებ გარდაიცვალა. ზაურიკას და თაზოს მამიდა იყო, პირველი დიდი მოუშუშებელი ტკივილია თუთაშვილებისთვის“ – გვითხრა ოჯახის ახლობელმა, ნონა ცხვარაძემ და თეას ფოტოც მოგვაწოდა.
ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები მართლაც უძლურია.
შეხედეთ ფოტოებს, რა ანგელოზები არიან…
კალმით ნახატი გოგო-ბიჭები და რა ნაადრევად დაგვემშვიდობდნენ…
ესაა გულს რომ გვიკლავს და გვანადგურებს…
„ამდენ ტკივილს როგორ იტევ, გულო, როგორ! რამდენჯერ უნდა ამომაგლიჯო გული, სიკვდილო? როგორ ვერ გაძეხი ჩვენი ტანჯვით და ტკივილით? მერამდენედ წაგვართვი და გაგვანადგურე ყველა? ჩემო ანგელოზებო, შეხვედრამდე“ – ამ სულის შემძვრელი და გულის მომკვლელი სიტყვებით სანათესაო-საახლობლოს უდიდეს ტკივილს აღწერს მარიამ თუთაშვილი.
წყარო: „გურია თუდეი“