ძლიერმა წვიმამ აფხაზეთში სერიოზული პრობლემები შექმნა. ღვარცოფმა გზები ჩახერგა, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლები დატბორა. სტიქიის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან, თუმცა მიყენებულია მატერიალური ზარალი და დაზარალებულია ინფრასტრუქტურა.

რიწის ტბისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა
რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ცისფერი ტბის მიმდებარედ, ღვარცოფი ჩამოწვა. სტიქიამ რიწის ტბისკენ მიმავალი გზა მე-13 კილომეტრზე გადაკეტა, წაიღო ერთი ავტომობილი და გაანადგურა ატრაქციონი „ტარზანკა“. საგანგებო სამსახურები და პარკის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ. ამ დროისთვის ეროვნული პარკისკენ გადაადგილება შეზღუდულია.

მდინარე ფსოუმ სოფლები დატბორა
ძლიერი ნალექის შედეგად, მდინარე ფსოუ კალაპოტიდან გადმოვიდა და ახლომდებარე სოფლები დატბორა. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი სალმა და სოფელი გეჩრიფში, სადაც საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები დაიტბორა. გაგრის რაიონის ადმინისტრაცია და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები დაზარალებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ფსოუ“ რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
რეაგირება და უსაფრთხოების ზომები
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ბადრა გუნბა, ინფორმირებულია შექმნილი ვითარების შესახებ. მან პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ დელბას, დაავალა, ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და წარმოადგინოს გეგმა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიან და მდინარისპირა ზონებში მოგზაურობისგან ამინდის სტაბილიზაციამდე. მაშველები მუდმივ მზადყოფნაში არიან და მონიტორინგს უწევენ ყველაზე დაუცველ მონაკვეთებს.
ძლიერი წვიმა და მისგან გამოწვეული სტიქია ბოლო პერიოდში არ არის უცხო მოვლენა რეგიონისთვის. მსგავსი ღვარცოფი რამდენიმე კვირის წინ ელბრუსის რაიონშიც ჩამოწვა, რამაც ასევე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.